"მორალის პოლიცია" საქართველოში | დეტალურად, როგორ შეეხება რუსული კანონი ყველას

გამოქვეყნდა:

მორალის პოლიციის ანალოგი საქართველოში -  რუსული კანონი, რომელიც ყველას შეეხება. სქესობრივი ცხოვრება, რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვაგვარი მრწამსი, პოლიტიკური შეხედულებები  ამ და არამხოლოდ ამ ინფორმაციის მიღება,  რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, მთავრობამ  ნებისმიერი ჩვენგანისგან შეიძლება მოითხოვოს. თუ უარს იტყვით ამ ტიპის პერსონალური მონაცემების გაცემაზე, მაგალითად იმაზე ვინ არის თქვენი სექსუალური პარტნიორი, მაშინ 5 000 ლარით დაჯარიმდებით. ეს ცვლილება ოლიგარქის პარტიამ რუსულ კანონში ჩუმად დაამატა, რადგან პირველად ვერსიაში მსგავსი ჩანაწერი არ იყო.  რეპრესიული  კანონის ამოქმედებისთვის მხოლოდ 1 ნაბიჯი -  ვეტოს დაძლევაა დარჩენილი. შემდეგ დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და კანონი ძალაში შევა.

ოლიგარქის პარტია იტყუება, როდესაც ამტკიცებს რომ ეს კანონი მხოლოდ ორგანიზაციებს ეხება და დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს. 

დეტალები:

კანონპროექტის სამი მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში არის ჩანაწერი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს, მონიტორინგის პროცესში, პირადი და საიდუმლოების შემცველი მონაცემების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. თუ ახლა მოქალაქისგან სენსიტიური ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფოს მთელი რიგი ბიუროკრატიის გავლა უწევს, რუსული კანონით  მოქალაქე ვალდებული ხდება მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია, მათ შორის სექსუალური ცხოვრების დეტალებზეც.

ამოქმედების შემთხვევაში რუსული კანონი ხელისუფლებას შიდა და გარე კონტროლის მექანიზმის  გარეშე ტოვებს. 

სპეციალისტები განმარტავენ, რომ რუსული კანონი რომელიც ხელისუფლების ძალაუფლების გახანგრძლივებას ემსახურება,  თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება, რადგან იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა , სადაც მსგავსი სტილის კანონი მოქმედებს, არც ერთ ინვესტორს აღარ მოუნდება. 

იურისტები კანონის ფართო და ბუნდოვან შინაარსზე საუბრობენ, რომელიც ხელისუფლებას მისი თვითნებური გამოყენების საშუალებას მისცემს. ფართოა იმ ფიზიკური პირების წრეც, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროდან შეიძლება დაუკავშირდნენ, კონკრეტული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

კანონის ამოქმედების შემდეგ ინტერესის ობიექტი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ოდესმე შეხება ჰქონია არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციასთან. მაგალითად პირი, რომლის პრობლემა გაშუქებულა მედიაში, ან ადამიანი, რომელსაც დახმარების თხოვნით მიუმართავს არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.

კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას უჩნდება შესაძლებლობა ხელისუფლებაში გაურკვეველი ვადით დარჩეს. ფაქტობრივად აღარ იარსებებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მოწყვლადი ჯგუფების დაფინანსებასა და დახმარებაზე  ზრუნავენ. შეიზღუდება კრიტიკული მედიის ფუნქციონირება. ყველა ის მოქალაქე  კი, რომელიც ხელისუფლების ინტერესის სფეროში მოხვდება ვალდებული იქნება მის შესახებ ყველაზე ინტიმური ინფორმაციაც კონკრეტულ ორგანოებს მიაწოდოს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მას თავდაპირველად სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.  

ავტორი:

დავით კობიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი