საქართველო გზაჯვარედინზე დგას, კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ | NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა

გამოქვეყნდა:

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩვენს ასოცირებულ წევრ საქართველოსთან რამდენიმე დღეში 25 წელი უსრულდება" - წერია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რუსულ კანონს ეხება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტმა უნდა გაიწვიოს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა შემობრუნებით საქართველოს მთავრობამ დაარღვია ხალხისა და პარტნიორების მიმართ გაცემული პირობა. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ, ნატოში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა, უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმების გზას.

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ.

ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში.

თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის.

კანონი ე.წ. "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. 

თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.

კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.

საქართველო გზაჯვარედინზე დგას.

თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის მომავალში, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე.

 ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ.

ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირში და ნატოში.

 მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებების მხარდაჭერას. ისევე, როგორც ამ შაბათ-კვირას, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი