ბრიუსელში, EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რუსული კანონის "საპასუხო ზომებზე" იმსჯელეს

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. ისაუბრეს რუსული კანონის საპასუხო ზომებზეც. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ როგორც საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას არღვევს და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არ შეესაბამება.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები:

პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.

ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.

წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.

გამოცემა ასევე წერს, რომ სხდომაზე საქართველოს შესახებ დისკუსია ხანმოკლე იყო, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და მასში ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი