პოლონეთის ხელისუფლება რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვებს დააწესებს, თუმცა, შეზღუდვები არ გავრცელდება პოლონეთში რუსეთის ელჩზე - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა,რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ვარშავაში საელჩოს თანამშრომლები ნებართვის გარეშე ვერ იმოგზაურებენ მაზოვიეცკის სავოევოდოს [ადმინისტრაციული ერთეული] გარეთ, სადაც პოლონეთის დედაქალაქი მდებარეობს, სხვა ქალაქებში არსებული საკონსულოების თანამშრომლები კი ვერ შეძლებენ მოგზაურობას შესაბამისი სავოევოდოების ფარგლებს გარეთ. მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი ნოტა ვარშავაში რუსეთის საელჩოს მალე გადაეგზავნება. აღნიშნული ზომების მიღება დაკავშირებულია იმ ეჭვებთან, რომლის მიხედვითაც სავარაუდოა რუსეთის მონაწილეობა რამდენიმე დივერსიულ აქტში, რომლებიც ბოლო ხანებში მოხდა ქვეყანაში.
ცნობისთვის, პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, რისი უმთავრესი მიზეზიც რუსეთ-უკრაინის ომია. პოლონეთი გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს შეზღუდვებს აწესებს.