
"აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ ჟღერდება," - ამის შესახებ განცხადებას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: "2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".
"ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების სურვილის შესახებ.
აშკარაა, რომ მსგავსი პოპულისტური განცხადებები კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ ჟღერდება და პირველ რიგში მიმართული შიდა აუდიტორიაზე.
საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, დააბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის, აბსოლუტურად უშედეგოა.
საჭიროდ მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას. აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა თავისი საბოლოო არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება," - წერია განცხადებაში.