გადამწყვეტი დღე საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის. გააფორმებს თუ არა საბოლოოდ "ქართული ოცნება" ქვეყნის ღალატს, თუ გამოჩნდებიან მმართველ პარტიაში დეპუტატები, რომლებიც უარს იტყვიან საქართველოს რუსიფიკაციაზე და არ გადაუკეტავენ მომავალ თაობებს ევროპულ გზას? საქართველოს პარლამენტი ხვალ შუადღისას შეიკრიბება და უკანასკნელად უყრის კენჭს რუსულ კანონს - ამჯერად პრეზიდენტის მიერ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას.
"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის მიღების პროცესში სულ 84 დეპუტატის მობილიზება შეძლო. როგორი იქნება ხვალ კენჭისყრის შედეგი უცნობია. თუმცა მმართველი პარტია გაცხადებულად აპირებს ვეტოს დაძლევას. ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იქნებიან ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას არ მიიღოს დამღუპველი კანონი. შენობის გარეთ კი დილიდან შეიკრიბება ათასობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოითხოვს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას.