
"ჩემი ცემა და ყველასი, ვინც სცემეს, იყო დაშინებისთვის... რომც წავიდეთ სახლებში, ჩვენთან მაინც მოვლენ, როგორც კი კანონს მიიღებენ", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" ისაუბრა.
"...ცდილობს ხელისუფლება, რომ დაგვატეროროს, ყველა ჩვენგანი, უამრავ მომიტინგეს სცემენ, დასდევენ, იჭერენ, სახლებში მივარდნა, ზარები, ეს არის ყველაფერი რუსული მეთოდები. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავტყდეთ, ჩვენ უნდა შეგვეშინდეს და ჩვენ უნდა წავიდეთ სახლებში. უბრალოდ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთ თუ ახლა შეგვეშინდება და წავალთ სახლებში ჩვენთან მაინც აუცილებლად მოვლენ, მას შემდეგ რაც ყველაფერს დაალაგებენ სათავისოდ, მას შემდეგ, რაც რუსული დიქტატურა დამყარდება საბოლოოდ. ეს კანონი არის რუსული გავლენის დასაფიქსირებლად. რუსეთი ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს სიმბოლური ნიშნებით და ეს რუსული კანონი არის ზუსტად ამ სიმბოლიზმის გამოვლინება," - განაცხადა ქაცარავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქციებს ხელისუფლება რუსული მეთოდებით არბევს.
"ხელისუფლებასთან ჩვენი მესიჯები ფაქტობრივად არის ამოწურული. რა უნდა უთხრა იმ ხელისუფლებას, რომელმაც აირჩია რუსეთი, რომელიც ყველაფერს აკეთებს უკვე, ცხადად იმისთვის, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ნაწილი, გახდეს რუსეთის გავლენის გუბერნია. თუ დავაკვირდებით და ამას პრინციპში დიდი ანალიზიც არ სჭირდება, ძალიან კარგად ჩანს, მას შემდეგ რაც დაიწყო პროტესტები, მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს ამ კანონის მიღების შესახებ, ეს პროტესტები ირბევა რუსული ინსტრუქციებით, რუსული სცენარით...." - თქვა ქაცარავამ.