"ქართული ოცნება" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. 12 საათზე პლენარული სხდომაა ჩანიშნული, სადაც პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, ვეტოს საკითხის განხილვა დაიწყება. დიდი ალბათობით, დღესვე იქნება კენჭისყრაც.
პარლამენტის შიდა ეზოში ნიღბიანი სამართალდამცავები არიან მობილიზებული. "ოცნების" დეპუტატების ნაწილი უკვე შენობაში იმყოფება. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ და ყველაფრის მიუხედავად, რუსულ კანონს მიიღებენ.
"[ჟურნალისტი: აპირებთ კანონის მხარდაჭერას?] რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებენ.
"პასუხისმგებლობას ვიღებ ამ გადაწყვეტილებაზე, აბა რა. ვერ გავიგე, აბა თუ პასუხისმგებლობას არ ვიღებ, ხმას როგორ მივცემ, კაცო," - ამბობს შარმანაშვილი.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, ალექსანდრე ტაბატაძე კი არ პასუხობს კითხვას, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ზიანზეც, რაც კანონის მიღებას მოჰყვება.