პარლამენტის უკანა შესასვლელთან უკვე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც თვეზე მეტია რუსულ კანონს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
მოქალაქეებს არ აქვთ მოლოდინი, რომ დღევანდელ სხდომაზე "ქართული ოცნება" ვეტოს არ დაძლევს, ისინი ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება.
აქციაზე იმყოფება ზესტაფონის სოფელ დილიკაურიდან ჩამოსული ქალი, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდებს ღვეზელები ჩამოუტანა.
"მე ასეთი საქართველოსთვის ნამდვილად არ მიბრძოლია, 9 აპრილის მონაწილეც ვარ, არ მიბრძოლია, აქ ხომ არ დავბერდეთ მართლა ხალხი, ცოდოები აირან ეს ახალგაზრდები, ამათ მომავალი უნდათ, წინ ევროპისკენ, არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას. ესენი უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. [...] მე დამიჭირეს, ზესტაფონში წარწერები გავაკეთე "არა რუსულ ოცნებას", "ძირს ბიძინა", დამიჭირეს და თქვენ წარმოიდგინეთ, 12:00 საათიდან საღამოს 6 საათამდე გამაჩერეს პოლიციის განყოფილებაში და ოქმი ვერ დაწერეს, ვეხვეწებოდი, მე დაგიწერთ ოქმს, მომეცით, აი ადამიანი ვერ გამოჩნდა, რომ ოქმი დაეწერა, თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის ხალხი, ასეთი ხალხი სჭირდება ივანიშვილს, ადვილი დასამონებელი და კიდევაც გაგვხადა მონები", - ამბობს ის.
აქციის მონაწილეა 84 წლის ქალი, რომელიც ამბობს, რომ მარტის შემდეგ აქციებს ესწრება:
"სულ ბარიკადებზე ვდგავარ მარტიდან მოყოლებული... მინდა ლაღ საქართველოში იცხოვროს ახალგაზრდობამ, მე აწი რაღა დამრჩენია, მე აქ რატომ უნდა ვიდგე?! ახალგაზრდებისთვის მინდა ლაღი ცხოვრება, კარგი ცხოვრება, იმსახურებენ. ღმერთმა გამარჯვებამდე მიიყვანოს ჩვენი ახალგაზრდობა".