
პარლამენტში პოლიტიკური გამოსვლები დასრულდა და რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. ამ წუთებში სიტყვით გამოდის მომხსენებელი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, რომელიც მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს. დღესვეა დაგეგმილი კენჭისყრაც.
გამოსვლის დაწყებისას მსხილაძემ "ქართული ოცნების" პროპაგანდას უპასუხა და განაცხადა, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არის ანტიევროპული, ანტიქართული და, მაშასადამე, რუსული.
"პირველ რიგში, მინდა დავიწყო "რატომ-იმიტომ"-ის განმარტებით. იმიტომ, რომ ორი დღეა ეს თემა თქვენი აგიტაციის და პროპაგანდის საკითხი გახდა. წარმოაჩინეთ ისე, თითქოს აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ "იმიტომ." ეხლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენ ვეტოში. პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა და შეუძლებელი იყო. რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე იყო ანტიკონსტიტუციური. მათ შორის, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს. არის ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე რუსული. ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, იმათმა შეიძლება იხმარონ "იმიტომ," - განაცხადა მსხილაძემ.
განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია გრძელდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საღამოს 5 საათიდან კი აქცია რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებს.