"ხელმოწერები უნდა მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან... მოვაწერ ხელს რეფერენდუმზე. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.
...გაბრაზებულები ხართ დღეს, ხო? და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა იმაზე მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს, რეფერენდუმზე. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
და მეორე მთავარი საქმე - თქვენ ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ამ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ არჩევნები. ყველგან, სადაც საჭირო იქნება. იმიტომ რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის, კიდევ, ნახევარი მილიონი ხმა მაინც, როგორც მინიმუმ, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს და მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ზოგმა ვერ გაიგო ვინაა მეგობარი და ვინაა საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის, ჩვენი მეგობრები, ჩვენს გვერდში იქნებიან, - ამბობს ზურაბიშვილი.