
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, პარტია "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონის მიღების გამო პარტიას და საკრებულოში დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ბერძენაშვილი საკრებულოში იურიდიული კომისიის ხელმძღვანელია.
"მთავარ არხთან" საუბრისას პოლიტიკოსი ამბობს, რომ 10 ივნისამდე შვებულებაშია და თანამდებობას სამსახურში დაბრუნების შემდეგ, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დატოვებს.
"მე პროტესტი გამოვთქვი 26 აპრილის საკრებულოს სხდომაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალობის კანონი ჩემთვის იყო მიუღებელი, იქიდან გამომდინარე, რომ ვთვლიდი რომ ეს იყო არაკონსტიტუციური, უყო მოღალატეობრივი და მისი მიღება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, პირობა დავდე, რომ თუ ამ კანონს მაინც მიიღებდა პარლამენტი და იგი ძალაში შევიდოდა, მე დავტოვებდი პარტიას და თანამდებობას. ამ პირობას შევასრულებ მე, 10 ივნისს ვბრუნდები სამსახურში, შვებულებაში ვარ ამჟამად და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე საჯაროდ გავაკეთებ განცხადებას და დავტოვებ თანამდებობას და პარტიას. არავითარი გამოხმაურება არ მქონია [ თანაგუნდელებისგან] არ ვიცი რას ფიქრობენ, წარმოდგენა არ მაქვს", - ამბობს ის "მთავარ არხთან" სატელეფონო კომენტარში.
მან 26 აპრილს საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ რუსულ კანონს ეწინააღმდეგებოდა და ფიცი დადო - "უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია "ქართულ ოცნებას", დავტოვებ ფრაქცია "ქართულ ოცნებას" და დავტოვებ თანამდებობას".