პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, რუსული კანონი დიდი ალბათობით შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდება. პროცედურულად, ვეტოდაძლეული დოკუმენტი 5 დღის ვადაში ისევ პრეზიდენტს ეგზავნება, თუმცა სალომე ზურაბიშვილის პოზიციიდან გამომდინარე, ის მას სავარაუდოდ ხელს არ მოაწერს და დოკუმენტი ისევ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნება. რის შემდეგაც კანონს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს და ის ავტომატურად ძალაში შედის.
ამის შემდეგ კი, მომდევნო 2 თვის განმავლობაში ხელისუფლება იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან ერთად მუშაობას დაიწყებს რეესტრის შექმნაზე, სადაც ყველა იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას შეიყვანს, რომელთა უცხოური დაფინანსება 20% და მეტია. აღსანიშნავია, რომ "ოცნება" თავის კანონში რუსეთს და რუსულ ფულს არსად ახსენებს და აქცენტს დასავლურ დაფინანსებაზე აკეთებს.
სავარაუდოა, რომ რეესტრის შექმნა აგვისტოში დასრულდება და ამის შემდეგ, ორგანიზაციებს 20 დღიანი ვადა აქვთ მასში დასარეგისტრირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციები 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებენ და საგანგებო გავრცელებულ განცხადებაში წერენ, რომ "უცხოური გავლენის გამტარებლებად" არ დარეგისტრირდებიან და არც გაუქმდებიან და უფრო დიდი ძალისხმევით გააგრძელებენ მუშაობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის.
ივანიშვილის დეპუტატებმა გუშინ, 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და 84 ხმით, რუსული კანონი დაამტკიცეს.