
თბილისში, 24 მაისს, ევრაზიის ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, გულბაათ რცხილაძის ორგანიზატორობით კონფერენცია გაიმართა, რომლის სახელწოდებაც იყო - „საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ“.
დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს ისტორია განიხილეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და აღნიშნეს, რომ რუსეთთან შეერთების გზით საქართველომ „გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე იმპერიამ“.
ღონისძიებაზე წაიკითხეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია "რუსოფობიაზე", რომელშიც საუბარია „ოცნების“ რუსულ კანონზეც. კონფერენციის მონაწილეების არგუმენტებიც, "ოცნების" ხელისუფლების მსგავსი აღმოჩნდა:
„თუ განვიხილავთ „გამჭვირვალობის კანონს", არა მხოლოდ როგორც საკანონმდებლო აუცილებლობას, არამედ, როგორც პოლიტიკური ტესტის გარკვეულ ფორმას, ცხადი ხდება დასავლეთის უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და მისი სრულად დამორჩილების სურვილი.
ეს დასავლეთის გარკვეული წრეების დამოკიდებულება, რაღაც „გლობალური ომის პარტია“ კი არა, არამედ გლობალისტური დასავლეთის მმართველი ელიტის კონსოლიდირებული პოზიციაა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდება. საქართველო გეოპოლიტიკური თამაშის პაიკია“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც შეხვედრაზე გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა.
პროკრემლლისტების რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "ღიად გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად":
„მოდით, თავი დავანებოთ გიჟურ, ირაციონალურ რუსოფობიას და გავერთიანდეთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გარშემო, რომელიც გამორიცხავს ეთნიკურ სიძულვილს. ეს არ არის პირველი, მაგრამ ბოლო მოწოდებაა. მეტი დრო აღარ რჩება!” - აღნიშნულია დოკუმენტში.