
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება.
საკონსულტაციო ჯგუფის შექმენა 2021 წელს "საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებებით გადაწყდა - მასში არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი უნდა ყოფილიყო.. ჯგუფი ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენდა. საკონსულტაციო ჯგუფი უნდა დაკომპლექტებულიყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან.
გარდა ამისა, იცვლება ცესკოში სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი - თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
ცვლილებით ასევე განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.
იხილეთ ასევე: