რუსული კონტროლი ქართულ საზღვარზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავარაუდოდ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები მგზავრებს აკონტროლებენ. ამ სკანდალური ფაქტის შესახებ საუბრობს უკრაინელი მგზავრი, რომელიც დედაქალაქში დღეს დილით ჩამოვიდა. მამაკაცი, რომელიც სიფრთხილის გამო ვინაობას არ ამხელს, ყვება, რომ თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ყველა მგზავრს, რომელსაც უკრაინის პასპორტი აქვს, საგანგებო გამოკითხვაზე გზავნიან.
უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც გამოკითხვას ატარებენ და სუფთა, უაქცენტო რუსულით საუბრობენ, საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას, შემოუშვან თუ არა უკრაინის მოქალაქე საქართველოში. ასეთი მკაცრი კონტროლი დღეს მინიმუმ სამი საერთაშორისო რეისით ჩამოსულ მგზავრებს შეეხო. მათი დიდი ნაწილი უცნობმა, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა და რუსულად მოსაუბრე პირებმა უკან გააბრუნეს და საქართველოში არ შემოუშვეს.