"მუდმივი დეგრადაცია, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა რთული გახდა" | უკრაინის საგარეო კობახიძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის არამეგობრულ განცხადებებს და მის დამახინჯებულ შეფასებებს უკრაინაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ კობახიძის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას. 

უკრაინის საგარეო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ბოლოდრინდელი განცხახდებები აღარ განსხვავდება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებისგან: 

"უკრაინისთვის მიუღებელი და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის ბრძოლასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს მიწას, არის პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების ნგრევაზე. საგულისხმოა, რომ ქართველი ჩინოვნიკის აღნიშნულ განცხადებაში სიტყვა „რუსეთი“ ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები.

სამწუხაროა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაცია, რომელთა გარჩევა ბოლო პერიოდში რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებისგან რთული გახდა.

რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებებისგან, რომლებიც იმეორებენ რუსულ ნარატივებს, და უკრაინის საქართველოში შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან.

უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს მშვიდობის, თავისუფლების, საკუთარი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირებისკენ." ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, კობახიძემ მორიგი ანტიუკრაინული და რუსული ნარატივებით სავსე განცხადება დღეს გააკეთა და ფაქტობრივად უკრაინა დაადანაშაულა ომში:

"მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის“ შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს." თქვა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი