ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დოკუმენტების ფალსიფიკაციისა და პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდის, ე.წ გაჩუმების საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა ის ბრალის 34-ვე პუნქტში გაამტყუნეს.
ცნობილია, რომ მოსამართლე მერჩანი სასჯელის სახეს და ზომას 11 ივლისს გამოაცხადებს. მანამდე კი მან ნაფიც მსაჯულებს მიმართა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა: "ვერავინ გაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც არ გინდათ. არჩევანი თქვენზეა".
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ ეს "გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო" იყო და ეს ყველაფერი "სირცხვილია".
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად ნაფიც მსაჯულებს ორი დღე დასჭირდათ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ედავებოდნენ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს საკუთარი ადვოკატის დახმარებით დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა და გაჩუმება მოსთხოვა.