
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ სპეციალური მოწყობილობით შემოწმდა წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა და არსად პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს.
კალაძე ამბობს, რომ გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები და "მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია", რომ სანიაღვრე სისტემა გამზირზე არ მუშაობს.
"სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები. სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს", - ამბობს კალაძე.