აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა - ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეთანხმება "ყველა მძევალს სახლში აბრუნებს, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და საფუძველს უყრის პოლიტიკურ განლაგებას, რომელიც როგორც ისრაელელებისთვის, ისე პალესტინელებისთვისაც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს".
"ისრაელმა ახალი, ამომწურავი შეთავაზება წარადგინა. ეს გეგმა ცეცხლის მდგრად შეწყვეტასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ეს შეთავაზება კატარმა "ჰამასს" გადასცა", - განაცადა ბაიდენმა და განმარტა, რომ შეთავაზება სამ ფაზად იყოფა: "პირველი გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ღაზის დასახლებული ტერიტორიებიდან ისრაელის ძალების გაყვანას, ასევე რიგ მძევალთა გათავისუფლების სანაცვლოდ ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მოიცავს".
მეორე ფაზაში, ბაიდენის ინფორმაციით, პალესტინელი მოქალაქეები ღაზაში თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ. "მესამე ფაზაში, ღაზის მსხვილმასშტაბიანი აღდგენის გეგმა დაიწყება და მოკლული მძევლების ყველა ნეშტი ოჯახებს დაუბრუნდება", - თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელელი ხალხი უნდა დაფიქრდეს და არ უნდა დაკარგოს ეს შანსი, „ჰამასი“ კი ამ წინადადებას უნდა დათანხმდეს: "ისრაელმა შესთავაზა თავისი წინადადება და „ჰამასი“ ამბობს, რომ სურს ცეცხლის შეწყვეტა - ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, მართლა ფიქრობენ თუ არა ისინი ამას", - განაცხადა ბაიდენმა.