სად არის ღარიბაშვილი? | ყოფილი პრემიერი ბოლოს სტამბოლის აეროპორტში შენიშნეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გამქრალია. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე 2 კვირაა არსად გამოჩენილა და სიტყვა არ უთქვამს რუსულ კანონზე, რომელიც მისმა გუნდმა პარტნიორების მოწოდებებისა და ხალხის უპრეცედენტო პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღო. 

ღარიბაშვილს პარტიის ოფისში ბრიფინგს არ ატარებინებენ და არც  საჯაროდ აქტიურობს. მმართველი გუნდის თავმჯდომარე ბოლო პერიოდში  შიგადაშიგ მხოლოდ რეგიონულ ტურნეებში ჩნდებოდა და საკუთარ პოზიციებს მედიასთან მხოლოდ იქ აფიქსირებდა. ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა არც 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და არც გუშინ, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი გაუჩინარებით ახლა საერთაშორისო სანქციებისგან თავის გადარჩენას ცდილობს. 

ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ღარიბაშვილი დაახლოებით 1 კვირის წინ, თბილისი-სტამბოლის რეისზე შეხვდა:

"მე პირადად ეს ადამიანი შემხვდა 1 კვირის წინ, თბილისი-სტამბულის რეისზე, როდესაც მე ნატო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით მივფრინავდი სოფიაში. ის სხვა საერთაშორისო მიმართულებით გაფრინდა სტამბოლის შემდეგ, მაგრამ საჯაროდ, ძალიან დიდი ხანია არ გამოჩენილა, არ უნდა ასოცირება ანტიევროპულ, ანტიდასავლურ კანონთან, არ უნდა ასოცირება რეპრესიებთან, არ უნდა ასოცირება ივანიშვილის ღიად პრორუსულ კურსთან იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და მასაც არ დაეკისროს ის საერთაშორისო სანქციები, რომელიც ყველა მაღალჩინოსანს ელოდება" - ამბობს ბოკუჩავა. 

"ოცნების" პრესსამსახურთან დაკავშირებას და ინფორმაციის მიღებას, წასულია თუ არა ღარიბაშვილი მივლინებაში, "მთავარი" დილიდან ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. წესით პარტაქტივთან ღარიბაშვილს დღესაც უნდა ჰქონოდა შეხვედრა, თუმცა შედგება თუ არა ის, უცნობია. 

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი