"ოცნება" კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას | "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ენმ-ის ოფისის დარბევაზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ოფისზე, გასულ ღამეს განხორციელებულ თავდასხმას "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს არის ისტერიაში მყოფი "ქართული ოცნების" ანგარიშსწორება კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით:

"სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი „ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა.

სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა. ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან.

სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა. 

ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს." ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი