გენერალური პროკურორის ძებნა დაწყებულია. მამუკა მდინარაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ბაკურ აბულაძე - ვინ იქნება ოცნების მთავარი ბრალმდებელი და ვის ჩააბარებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნოდ ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო თანამდებობას. რადგან სწორედ პროკურატურაა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ოლიგარქიული რეჟიმისთვის რომ საარჩევნო დავები ოცნებამ სათავისოდ გადაწყვიტოს და ოპონენტები კი დევნოს. საპროკურორო საბჭომ 28 მაისიდან ერთთვიანი კონსულტაციები კანდიდატის შესარჩევად უკვე დაიწყო. თუმცა ფორმალური პროცესის იქით მთავარი ისაა, რას იტყვის ოლიგარქი და მისი პარტია. ვრცელდება ინფორმაცია რომ ივანიშვილის დეპუტატებს რამდენიმე კანდიდატურა უკვე ჰყავთ. მათ შორისაა უმრავლესობის ლიდერი, ყოფილი პროკურორი და იურისტი მამუკა მდინარაძე. ოცნების დეპუტატები გუნდში ამ საკითხზე კონსულტაციებს ჯერ არ ადასტურებენ, თუმცა რთული მისახვედრი არ არის რომ ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარ პროკურორად მორჩილი კადრი და დავალებების უსიტყვო შემსრულებელი.
ბაკურ აბულაძეს და გიორგი გაბიტაშვილს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ორივე ირაკლი შოთაძის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თუმცა, მმართველი პარტიისთვის მამუკა მდინარაძე, ალბათ, საუკეთესო კანდიდატურაა. ყველაფრის გარანტი არჩევნებამდეც - დაძაბულ პერიოდში და არჩევნების შემდეგაც - თუ მმართველი გუნდის სტატუსს დაკარგავენ, მთავარ საგამოძიებო უწყებაში ყველაზე საიმედო პირი ეყოლებათ. გენ. პროკურორის იმპიჩმენტი ძალიან რთული პროცედურაა და არც ისე სწრაფად შესრულებადი. ქართულ ოცნებაში გადაჭრით არაფერს ამბობენ, არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მდინარაძის კანდიდატურაზე პასუხს ბიძინა ივანიშვილისგან ელოდებიან. იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობის მოქმედი ლიდერი, ალბათ მისთვისაც მისაღები კანდიდატია, ოლიგარქს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ივანიშვილს სხვა პირების პოზიციის გათვალისწინებაც უწევს. მაგალითად ოთარ ფარცხალაძის. ყველამ იცის, რომ გენ. პროკურორის თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად , ამერიკის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე უწყებაში გავლენას ინარჩუნებს, სანაცვლოდ ქუჩაში თუ სარდაფში შავ საქმეებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის. ვიწრო წრეში შეხვედრებზე ღიად ამბობს, რომ ირაკლი შოთაძის შემდეგ, მისი სასურველი გენ. პროკურორი გიორგი გაბიტაშვილია.
"შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ფარცხალაძე საქართველოშია და პროცესებშიც აქტიურად არის ჩართული.
თუმცა ყველას თავისი კანდიდატი ჰყავს - წყაროს ინფორმაციით, უკვე ყოფილი მთავარი ბრალმდებელი, ირაკლი შოთაძე მის პირველ მოადგილეს ბაკურ აბულაძეს ლობირებს.
რა გამოწვევები აქვს ქართულ ოცნებას - 1. არჩევნებამდე პერიოდი ანუ რეპრესიების ხანა და ამ დროში ყველა ხვდება რამხელა მნიშვნელობის ფიგურაა გენერალური პროკურორი. და 2. იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს, ოქტომბრის შემდეგ გარანტიები რომ ოლიგარქს და მის გარემოცვას, სადაც ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და კრიმინალური ავტორიტეტები მოიაზრებიან, სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნებათ.
უფრო მეტი სიცხადე მას შემდეგ იქნება რაც საპროკურორო საბჭო სამ კანდიდატს დაასახელებს. კანონმდებლობით მათი შერჩევა სხვადასხვა ჯგუფებთან კონსულტაციების შემდეგ ხდება, მაგრამ ეს პროცესი რომ მხოლოდ თვალის ახვევაა და გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება ეჭვი არავის ეპარება. საპროკურორო საბჭო, ხელისუფლების წევრები, კრიმინალები, ბიზნესმენები - ახლა ყველა ერთი კაცის გადაწყვეტილებას ელოდება.