დასანქცირებულები | როგორ იმუშავებს, ვის შეეხება და როგორია ცხოვრება სანქციებით

გამოქვეყნდა:

დასანქცირებულები ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო. 84-ვე დეპუტატისთვის, ვინც პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ქვეყნის ხელახლა გასაბჭოების მცდელობას მწვანე შუქი აუნთო, სავიზო შეზღუდვები ამოქმედდება და მათ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.  სახელმწიფო  დეპარტამენტს მხოლოდ სია აქვს გამოსაქვეყნებელი, მაგრამ არ არის გამორიცხული ეს სია საერთოდ არ გასაჯაროვდეს და ივანიშვილის გარემოცვამ ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული შეტყობინებით მიიღოს. თუმცა შეზღუდვები მხოლოდ ოცნების დეპუტატებს არ შეეხებათ - სანქცირდებიან მათი ცოლებიც, ქმრებიც და შვილებიც.  რაც გასაგებ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ვინც შვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ასწავლის, ამერიკის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვებთან ერთად, ფინანსური სანქციები უკვე დააანონსა, რომელიც რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების  ოჯახის წევრებზეც გავრცელდება.  

ქართული ოცნების წევრთა სია, რომლებმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო საფრთხე საკუთარ შვილებს შეუქმნეს დიდია. ჩამონათვალი პარლამენტის ვიცე სპიკერით დავიწყოთ. 

ნინო წილოსანის შვილები  ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში  სწავლობენ. თავადაც ბევრს მოგზაურობს, მაგრამ ის ერთ-ერთია მმართველ უმრავლესობაში, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩევა.  

ამერიკის დატოვება სავარაუდოდ მალე მოუწევს ასევე ვიცე სპიკერის- გია ვოლსკის შვილს. სანდრო ვოლსკი წლებია ვაშინგტონში ცხოვრობს და ამერიკის მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ 2019 წელს სანდრო ვოლსკიმ საკუთრებაც შეიძინა. ის დედაქალაქ ვაშინგტონში ფლობს სახლს რომლის ღირებულება 476 000 დოლარია. გია ვოლსკი ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა შვილების შესაძლო სანქცირებას უსამართლოს უწოდებს.

ნიუ-იორკში ვეღარ დაისვენებს და ფოტოებს ნიაგარას ჩანჩქერთან ვეღარ გადაიღებს ალუდა ღუდუშაურიც . ქართული ოცნების რიგითი დეპუტატი, რომელსაც ორივე შვილი ამერიკის მოქალაქე ჰყავს. ჩვენს მიერ დასმულმა შეკითხვებმა მოჩხუბარი დეპუტატი გააღიზიანა.

სანქციების ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ ამერიკის დატოვება მოუწევს  ყოფილი პრემიერის შვილსაც. ნიკოლოზ ღარიბაშვილი ერთი წელია ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ- პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს. საზოგადოებას ახსოვს ისიც, როგორ ჩაიყვანა პრემიერმა მამამ შვილი ამერიკაში სასწავლებლად. გასული წლის აგვისტოში ნიკოლოზ ღარიბაშვილისთვის სამთავრობო თვითმფრინავი  იქირავეს და  34 000 დოლარად  ჩარტერით წაიყვანეს. პენსიონერი ბაბუის გადახდილი ფული კი რუსული კანონის მხარდაჭერის გამო შესაძლოა წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს და სანქციების ამოქმედების შემდეგ, მან ქვეყნის დატოვების შესახებ შესაბამისი წერილი მიიღოს.

ამერიკის ვიზის გარეშე დარჩებიან ქართული ოცნების  ის დეპუტატებიც, რომლებიც ოჯახებით ხშირად სტუმრობენ  ახდენილი ოცნების ქვეყანას. რუსულ კანონზე მხარდამჭერები თავს იმით იმართლებენ, რომ საკუთარ სიამოვნებაზე მეტად ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

ივანიშვილის ქართული ოცნების  ქმედებებისთვის საპასუხოდ ემზადება ევროკავშირიც. ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ  ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მეგობარი ევროპული ქვეყნებიც. არ არის გამორიცხული ქართული ოცნების წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს მნიშვნელოვანი შეზღუდვები იმ ქვეყნებში დაუწესდეთ, სადაც ხშირად დადიან.  

ასეთი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერები ვეღარც ევროპაში წავლენ და ვეღარც საკუთარი აქტივებით ისარგებლებენ. არადა ქართული ოცნების დეპუტატს ანტონ ობოლაშვილს პარიზის ცენტრში ძვირადღირებული სახლი აქვს.

მიხეილ ყაველაშვილის შვილებიც ევროპაში დაიბადნენ და განათლებაც იქ მიიღეს. დღეს კი დეპუტატი ქართულ ოცნებას რუსული კანონის მიღებისთვის-  ქეთევან წამებულს ადარებს.

ქართული ოცნების გენერალური მდივანიც, რომელიც მტრად მოიხსენიებს პარტნიორებს, საკუთარი შვილებისთვის ევროპას ირჩევს. თბილისის მერის ოთხივე შვილი ევროპაშია დაბადებული. ახლა კი ამტკიცებს , რომ ევროპა ცუდია და არც დასანქცირებაა პრობლემა.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი