ენმ-ის ოფისზე თავდასხმიდან 20 საათზე მეტი გავიდა | მოძალადეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

ჩამსხვრეული მინები და დაზიანებული ინვენტარი - ასეთია ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისზე ოცნების მართული ტიტუშკების თავდასხმის შედეგი. რკინისა და ხის ხელჯოხებით და ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ათეული მოძალადე   კახეთის გზატკეცილზე, ოპოზიციური პარტიის ოფისთან წუხელ, ღამის პირველ საათზე მიიჭრა , შენობის მინები ჩაამტვრიეს და შიგნით შეჭრაც სცადეს.  მათ ადგილზე პიროტექნიკა და სპრეი საღებავები ჰქონდათ მიტანილი, რომლითაც ტერიტორიაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. 

თავდასხმის დროს შენობაში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, ადგილზე იყვნენ პარტიის სხვა წევრებიც. ყველანი დარწმუნებულები არიან რომ  თავდასხმაში მმართველი პარტიის ხელწერა იკვეთება და არც სამართლიანი გამოძიების იმედი აქვთ,  რადგან განმარტავენ რომ მოძალადეებს სწორედ საპოლიციო ძალები მფარველობენ რომლებიც თავის მხრივ, ოცნების მითითებებით ხელმძღვანელობენ

დაგვიანებული იყო პოლიციის რეაგირება. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე თავდასხმიდან 12 საათის შემდეგ დაიწყო. ისიც მხოლოდ მას შემდეგ რაც პოლიციის მაღალჩინოსნებს ვკითხეთ - თუ რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი. საკითხით ჩვენი დაინტერესების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ოფისში ექსპერტ- კრიმინალისტები გამოჩნდნენ. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს. პარტიაში  დანაშაულის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ რომ გარდა სსკ 187 მუხლისა გამოძიება უნდა 225 -ე მუხლითაც უნდა წარიმართოს, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს 

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" სისუსტეზე მიანიშნებს. იგივეს საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც. 

მმართველ პარტიაში კი  ამტკიცებენ რომ  წუხელ ღამით ნაციონალური მოძრაობის ოფისში ორმხრივი დაპირისპირება იყო, რომელშიც პარტიის უსაფრთხოების სამსახურიც მონაწილეობდა

თავდასხმიდან უკვე 20 საათზე მეტი გავიდა, თუმცა შსს- ს თავდამსხმელები არათუ არ დაუკავებია, არამედ ისინი იდენტიფიცირებულიც არ არიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი