
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს ანაკლიის პორტის ინვესტორ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე და მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. მინისტრი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტთან მიმართებით გადაჭარბებული ემოციები და პროცესების პოლიტიზების მცდელობა დაინახეს.
დავითაშვილი ამბობს, რომ კომპანიას აშშ-ის ორი უწყების მხრიდან ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ეს სანქციები არაა.
"ეს არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანია, მე გეუბნებით კონსორციუმის ერთ-ერთ წევრზე, თორემ კონსორციუმში ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია და მოიაზრება, რომ ჯამში პროექტის განვითარების პირობებში დამატებით კონსორციუმს შეემატება სხვა კომპანიებიც, რომლებიც დამატებით წვლილს შეიტანენ პროექტის კონკურენტუნარიანობაში", - ამბობს დავითაშვილი.
მისივე თქმით, ვიდრე საბოლოოდ მოხდება შეთანხმების გაფორმება მხარეებს შორის, რამდენიმეთვიანი დიალოგი იქნება პრეტენდენტთან.
"რაც შეეხება კომპანიის სანქცირება არასანქცირებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ეს არის კომპანია, რომელიც შედის ე.წ. "Fortune 500"-ში, ეს არის მსოფლიოს 500 წამყვან ყველაზე მსხვილ კომპანიას შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც აქვს თავისუფლად განხორციელების საშუალება ამ პროექტის საქართველოში და ასევე, მსგავსი პროექტების მსოფლიოს, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. მას ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები აშშ-ის ორი უწყების მხრიდან დაწესებული - ეს იყო ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს, რომ ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. კომპანიას ამავე დროს არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციას, ეს მკაფიოდ არის განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთან არის წარმოდგენილი. და მეორე იყო აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები, რომ საჯაროდ ვაჭრობა ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან, ინვესტიციების შემთხვევაში, აქაც საჭიროა ამ კონკრეტული უწყების თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით", - თქვა დავითაშვილმა.