
ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა - ასე აფასებს რუსეთის დუმის დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი "ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებასა და მასზე პაპუაშვილის მიერ, საბოლოო ხელმოწერას.
დუმის დეპუტატი, ისევე როგორც ოცნების წარმომადგენლები "სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების" ნარატივს ავითარებს და ამბობს, რომ ქართველ დეპუტატებს "მისალოცად აქვთ საქმე":
„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ ამ პოზიციის დაცვა და შემდგომი არჩევანის გაკეთება.“ - განაცხადა ტუროვმა.
ცნობისთვის, რუსული კანონის მიღების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები მუდმივად აქებენ საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებისთვის და იწონებენ კანონს, რომელიც ივანიშვილის დეპუტატებმა დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და კრიტიკის მიუხედავად მაინც მიიღეს. დღეს კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას ხელი მოაწერა.