"ადევნების" გამო, წილოსანი საცხოვრებელს იცვლის | სანქცია ჟურნალისტისთვის კითხვების დასმისთვის და "ოცნების" შერჩევითი სამართალი

გამოქვეყნდა:

სადამსჯელო სანქცია ჟურნალისტების წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი არხის რეპორტიორს ნინი ბალანჩივაძეს ერთი თვით აუკრძალა პარლამენტში მუშაობა. მიზეზი კი ნინო წილოსანის საჩივარია. ვიცე-სპიკერი შეწუხდა სანქციებსა და კორუფციაზე დასმული კითხვებით და უფროსთან დაიჩივლა. კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელმაც დეპუტატს პირში უთხრა ყველაფერი, რასაც მასზე ფიქრობს, წილოსანმა შინაგან საქმეთა სამინისტროში  უჩივლა. პოლიციამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების შურისძიების იარაღად არის ქცეული. მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებას და უვნებელი ფაქტის ადევნებად გამოცხადების მცდელობას დაუყოვნებლივ მოყვა გამოძიების დაწყება. წილოსანი გამოკითხვაზე შსს-ში იმყოფებოდა.

"მოვუყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით. ადევნების კლასიკური შემთხვევა არის. ადამიანი, რომელიც ვხედავდი და ვხვდებოდით, რომ მელოდებოდა... მაქვს ეჭვი, რომელმაც შემიქმნა გამოუვალი მდგომარეობა, რომ შევიცვალო საცხოვრებელი ადგილი" თქვა შსს-დან გამოსვლის შემდეგ ნინო წილოსანმა. 

გუშინ დეპუტატი პარტიულ ტელევიზიებთან რუსული კანონის სიკეთეებზე საუბრობდა, რა დროსაც უკმაყოფილო მოქალაქემ მას რასაც ფიქრობდა ყველაფერი ადგილზე უთხრა. წილოსანი შეშფოთდა და სოციალურ ქსელში პოსტი დადო, იქვე კომენტარში კი მოქალაქემ თავისი ვინაობა გაუმხილა. ამის შემდეგ ნინო წილოსანმა ეს ყველაფერი ადევნებად და მუქარად შეაფასა.

მოქალაქე კი, რომელმაც წილოსანს შეახსენა, თუ ვის ინტერესებს ემსახურება, ადვოკატი დათა კუპრავაა. ის ადასტურებს რომ დეპუტატთან საკუთარი პოზიცია გამოხატა, თუმცა ადევნებას ადგილი არ ჰქონია. 

აღსანიშნავია რომ, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა მაგალითად ცოტნე კობერიძეზე უიღბლო თავდამსხმელების ვინაობით. ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმით კი პოლიცია მხოლოდ დასვენების დღეების დასრულების შემდეგ - დღეს დაინტერესდა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი