"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება მერის, ლადო ხინჩეგაშვილის მოთხოვნის საფუძველზე დაწერა.
ჩვენი წყარო გორის მერიიდან გვატყობინებს, რომ ხინჩეგაშვილი ღვინიაშვილს დასაქმებას მუნიციპალურ ინსპექციაში, ხელმძღვანელის მოადგილედ დაპირდა.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “მთავარს” დაუდასტურეს, რომ ღვინიაშვილი ვიცე - მერის პოზიციას აღარ იკავებს, თუმცა მიზეზებს და ვინ ჩაანაცვლებს მას, არ განმარტავენ.
ნიკოლოზ ღვინიაშვილი გორის ვიცე- მერის თანამდებობაზე 2021 წლის 6 ივლისიდან მუშაობდა, ის პარალელურად სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო.
ღვინიაშვილი ის გორელი ჩინოვნიკია, რომელიც “მთავარმა არხმა” საზაფხულო შვებულების დროს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ამხილა. კერძოდ, ჩინოვნიკმა აჭარის რეგიონში ვოიაჟი სამსახურებრივი ავტომობილით და საწვავით მოიწყო, თუმცა მხილების მიუხედავად ის არ დასჯილა.