გორის ვიცე-მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გორის მერის კიდევ ერთი მოადგილე, თამაზ შიოშვილი "მთავართან" საუბარში ადასტურებს საკადრო ცვლილებებს და ამბობს, რომ ნიკოლოზ ღვინიაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით, ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე დატოვა.
მან დაადასტურა "მთავარის" მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ღვინიაშვილი ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში გააგრძელებს მუშაობას, კერძოდ, ის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის მოადგილე იქნება.
ოპოზიცია ღარიბაშვილი-კობახიძის კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს, ნიკოლოზ ღვინიაშვილი კი ყოფილი პრემიერის გუნდის წევრად მოიაზრება. ღვინიაშვილი სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო.
"ნიკა ღვინიაშვილმა თვითონ დაწერა განცხადება, ოჯახური პირობების გამო. არც მილაპარაკია ჯერ საერთოდ ნიკასთან, თუ გაინტერესებთ, მაგრამ ვიცი, რომ განცხადება დაწერა, მე მგონი გადავიდა სხვა სამსახურში, აიპ-ში გადავიდა მგონი სადღაც. [...] ღარიბაშვილი და კობახიძე არიან ძალიან ახლო მეგობრები, ერთი გუნდი, ერთი ოჯახი ვართ ჩვენ და ეგ არის ჭორი", - ამბობს თამაზ შიოშვილი.
ნიკოლოზ ღვინიაშვილი "მთავარი არხის" ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.