
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი არასერიოზულია და ამტკიცებს, რომ ეს კონტრპროდუქტიული პირველ რიგში მათთვისაა, ვინც ამაზე საუბრობს. მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ოჯახის წევრებმა შეტყობინებები მიიღეს აშშ-ის ვიზების გაუქმებაზე.
სანქციების ახალ პოლიტიკაზე გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
"სანქციებზე საუბარი არის არასერიოზული ჩვენთვის, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ და ყველას მინდა შევახსენო ეს ყველაფერი. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა, [ჟურნალისტი: მილერი ამბობს] არასერიოზულია აბსოლუტურად სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული", - თქვა კობახიძემ.
პრემიერის აზრით, მანამდე ამერიკის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებას "0 ეფექტი" ჰქონდა და კონტრპროდუქტიული იყო.
- რეპუტაციულად არ იყო დამაზიანებელი? - ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა, რაზეც პრემიერი პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ამერიკისთვის დამაზიანებელი იყო, მხოლოდ ამერიკისთვის".