
უკრაინა ომის დროს დაღუპულ ბავშვებს იხსენებს. კიევში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, გაეროს მიერ დაწესებული, აგრესიის მსხვერპლი უდანაშაულო ბავშვების საერთაშორისო დღის ფარგლებში, სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. ამ დღეს გაერო 1983 წლიდან აღნიშნავს.
კიევში, მემორიალთან იმყოფებოდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, რომელმაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ბავშვების ხსოვნას და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა:
"დაგვეხმარეთ ჩვენი შვილების გადარჩენაში. ჩვენ ვერ გავზომავთ მათი სიცოცხლის ღირებულებას საჰაერო თავდაცვის ხარჯებით. ამიტომ მივმართავ ყველას დამსწრეს: ჩვენს შვილებს ხსნა სჭირდებათ. ხსნა არის - დაცული ცა“, - განაცხადა ზელენსკამ.
გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის უკრაინაში, დენის ბრაუნის განცხადებით, რუსეთი უგულებელყოფს ბავშვთა უფლებათა კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 600-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 1420 კი დაშავდა.