
“თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტის ტესტის შედეგი კორონავირუსზე სხვა დაინფიცირებულის პასუხში აერიათ.
აქედან გამომდინარე, "თავისუფალ უნივერსიტეტში" დადასტურებულია COVID-19-ის არა 2 - როგორც ეს გუშინ, 13 სექტემბერს ითქვა, არამედ 1 შემთხვევა.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა კოკაია "მთვარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ ყველა საეჭვო კონტაქტი გამოვლენილია, უნივერსიტეტი კი აქტიურად თანამშრომლობს ეპიდემიოლოგებთან და შენობას დეზინფექციაც ჩაუტარეს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო სამსახურის პიარს. გვინდოდა გაგვერკვია დადასტურებული შემთხვევების ზოგადი სანდოობა და, აგრეთვე, დაგვაინტერესდა, რამდენად ხშირია COVID-19-ის ტესტის პასუხების არევა. მან "მთავარის" შეკითხვებს პასუხი არ გასცა და ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაგვამისამართა. "მთავარმა არხმა" მათთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ცნობისთვის, "თავისუფალ უნივერსიტეტში" სასწავლო პროცესი 7 სექტემბერს დაიწყო. უნივერსიტეტმა დააკამყოფილა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მოთხოვნა - შენობაში შემსვლელ ყველა პირს სიცხეს უზომავდნენ და სტუდენტები ლექციებზე პირბადით ისხდნენ. ამასთან, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი 1-მეტრიანი დისტანცია სტუდენტების მაგიდებს შორის.
ისევე როგორც 6 დიდი ქალაქის ყველა სხვა სასწავლო დაწესებულება, "თავისუფალი უნივერსიტეტიც" ამჟამად 1 ოქტომბრამდე დისტანციურ სასწავლო რეჟიმზეა გადასული.