"გაღმა შედავების სტილი" | პაპუაშვილი EU-ს ელჩის განცხადებას ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, პროპაგანდით პასუხობს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩის განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე და რუსული კანონის ხელმომწერი შალვა პაპუაშვილი ტრადიციული პროპაგანდით პასუხობს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ფული ქვეყანაში "ფარულად",  "რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად" იხარჯება:

„მე ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ელჩისგან მოგვესმინა განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის, გაასაჯაროოს ფინანსები, რომლებიც ევროკავშირიდან შემოედინება საქართველოში, რომ ევროპის დემოკრატიული ფონდი აღარ იმოქმედებდა ფარულად, სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში. ვისურვებდი, მისგან მომესმინა განცხადება, სადაც ევროკავშირი პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარი მოქალაქეების ფულის ხარჯვაზე საქართველოში.სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ფულის ნაწილი ფარულად იხარჯება საქართველოში, პოლიტიკური მიზნებით რადიკალიზაციისა და ტერორის დასაფინანსებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულით, დღეს დაკავებულები არიან ტერორით, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ მუქარით, სატელეფონო ზარებით, დახვედრებით, რაც არის ლიბერალური ფაშისტური სტილი. მე მინდა, მოვისმინო ის, რაც ქართველ ხალხს სურს, რომ მოისმინოს. როდესაც წარმოადგენ ევროკავშირს, რომლის ფულიც აქ ფარულად იხარჯება, პირველი პასუხისმგებლობა არის, რომ ამის გამჭვირვალობა უზრუნველყო. სხვა ყველანაირი განცხადება არის გაღმა შედავების სტილი იმისთვის, რომ მერე გამოღმა ვინმეს არ შეედავონ გაუმჭვირვალობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ჰერჩინსკიმ MOVEMENT-თან ინტერვიუში გაიმეორა, რომ კანონის მიღებას მოჰყვება შედეგები და რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამ საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი