უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების ახალ კერებში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ახმეტის, ჩოხატაურისა და გორის რამდენიმე სოფელში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც ყველა შემსვლელ-გამომსვლელი ტესტირებას დაექვემდებარება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ ადგილებში სწავლა 1 ოქტომბრამდე დისტანციურად იქნება.
"ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ცხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს,ასევე ამ სოფლებში 1 ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში - თქვა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეპიდვითარება სრულად კონტროლდება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, სრულად აკონტროლებს სიტუაციას მთავრობა, მაგრამ მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი შევიკავოთ თავყრილობებზე შეკრებებისგან" - ამბობს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის სოფელ მატანში 11 ინფიცირებულია.
სოფელ მატანში დილიდან ორი სამედიცინო პუნქტი მოეწყო. სადაც ნებისმიერ მსურველს PCR მეთოდით ეპიდემიოლოგები ტესტირებას უტარებენ. ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს კი თერმო სქრინინგი უტარდებათ.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.