ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. დაცვის მხარის განმარტებით, ბაჩო ბაშარული და ნიკა არჩვაძე მას სახლში მიუვარდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც სახლში მყფოებოდნენ მისი მეუღლე და შვილიც.
ადვოკატის თქმით ბრალდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და თავის დასაცავად გამოიყენა მისი კუთვნილი და ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი.
"ეგ იყო კლასიკური აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. შეიძლება საქართველოში ასეთი არც მომხდარა. მიეჭრნენ სახლში, სცემეს, სახე ჩაულეწეს, სახის ძვლები ჩატეხილი აქვს. გაქცევა სცადა მეორე ოთახში, გაყვნენ ცემით და გაფორმებული იარაღი ჰქონდა და შეეცადა მოგერიებას" ამბობს დაკავებულის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.
მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამეს გახდა ცნობილი. იური კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ინფორმაციას არ ფლობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.