არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა" "მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას მოსამართლეს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზს ეყრდნობოდა, 2020 წლის 24 იანვარს წარადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარადგინა მოსაზრება, უპასუხა მხარეთა შეკითხვებს და დამატებითი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. ორგანიზაციაში ამობენ, რომ მოსაზრებების შემუშავების ეტაპზე მათ ხელმძღვანელეს, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებითა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრეცედენტული საქმეებით.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუას საქმის მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობის გამო. მოსამართლემ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა. მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძელებს უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭირვალობაში" იმედოვნებენ, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სტანდარტით, საფუძვლიანად შეისწავლის და შეაფასებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ არგუმენტაციას. ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, წარსდგეს სასამართლოს წინაშე ზეპირი განმარტებებით.