
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის არარსებობა იყო. სხდომაზე "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები არ მივიდნენ.
დღის წესრიგშია ჯამში 9 პირის, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე. ინიციატორი "ქართული ოცნებაა", თუმცა მმართველ გუნდს ხმები არ ჰყოფნის.
საკრებულო ვერ ახერხებს სხვა საკითხების განხილვასაც, მათ შორის ანაკლია განმუხურის საზღვაო სეზონის გახსნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას.
"ფაქტობრივად ორი თვეა პარალიზებულია ზუგდიდის საკრებულო. ამ პარალიზების მთავარი ავტორი არის ქართული ოცნება, სრული საბოტაჟი, ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებს თავის თავს, ამის მიზეზი არის ის, რომ აქ არის ოპოზიციური საკრებულო. ქართული ოცნება ცდილობს აღარ იყოს ოპოზიციური საკრებულო და თუ ამას ნაციონალური მოძრაობა ხელს შეუწყობს, ძალიან შევწუხდები ამის გამო, არა მარტო მე, არამედ ყველა ამომრჩეველი, რომლის შეკვეთა იყო ზუგდიდის საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური", - თქვა ფრაქცია "ახლების" თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ.
საკრებულოში მისულები იყვნენ უკმაყოფილო მოქალაქეებიც, ანაკლიის მცხოვრები გიგა ცაავა ამბობს, რომ 9 თვე ელოდებიან სეზონზე მუშაობას და ისიც არ იციან როდის იქნება აუქციონი და ექნებათ უფლება სანაპიროზე მუშაობა დაიწყონ.