
ევროპული ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა ევროკავშირის ლიდერებს - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მხარდამჭერი 20 ორგანიზაცია საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს, რუსული კანონის მიღების გამო ოლიგარქის ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილონ.
წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი.
"საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და განაახლოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ევროკომისიის ცხრა ნაბიჯით;
სპეცრაზმისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი დარბევის ფონზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა (EUSR) ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგმა მოაწყოს ვიზიტი საქართველოში;
ევროკომისიამ , ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მის ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები — პირველ რიგში უარყოფითი პირობითობის ზომები — მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად;
ევროკომისიამ გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა NDICI-ის დამხმარე და სწრაფი რეაგირების ფონდების მობილიზებით, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ყოვლისმომცველი რეაგირება სამოქალაქო სივრცის დახურვის წინააღმდეგ, მათ შორის უფლებადამცველების, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის, დამოუკიდებელი მედიის და არჩევნებზე დამკვირვებლების მხარდაჭერით.
ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფმა (DEG) დაიწყოს კონსულტაციებო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რათა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა და შესძინოს პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებას." ნათქვამია წერილში [ნეტგაზეთი]
ხელმომწერები:
ყველაფერი სავარაუდოდ თვის ბოლოს გადაწყდება, როცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებაზე იმსჯელებენ.