
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. არჩევნებისთვის ემზადებიან. ხვალ, 9 ივნისს, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. პარლამენტის არჩევნებს ატარებს. დღეს კი "საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად", რეგიონში "დუმილის დღე" იყო, რაც "წინასაარჩევნო კამპანიის" ოფიციალურად დასრულებას ნიშნავს. 00:00 საათიდან ამოიწურა ტელე და რადიო გადაცემებში, ბეჭდურ მედიაში, საარჩევნო რეკლამების ჩვენების ვადა, ასევე, "კანდიდატების" შეხვედრები ამომრჩევლებთან.
არაღიარებულ "არჩევნებს" 35 დამკვირვებელი დააკვირდება და მას რუსული და ადგილობრივი მედია გააშუქებს.
სულ 73 "საარჩევნო უბანი" გაიხსნება, აქედან ორი მოსკოვსა და ჩრდილოეთ ოსეთში.
"არჩევნებში" სულ 111 "მაჟორიტარობის კანდიდატი" და შვიდი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ერთიანი ოსეთი“, „ნიხასი“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, „ხალხის ერთობა“, „ირი ფარნი“, „ერთობა“.
ე.წ. პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად საჭიროა 50%-ს პლიუს 1 ხმა. ბიულეტენები იძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობას „ყველა“ კანდიდატის წინააღმდეგაც.
ოკუპირებული რეგიონის "პარლამენტში" 17 პარტიული და 17 მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი შევა.