
აბსურდის წარმოდგენა გრძელდება - თუმცა რეპრესიული სისტემა ვერც გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეებით ახერხებს ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქეების დაშინებას. ნიღბიანი პოლიციელები ამ ტრაგიკული და აბსურდული წარმოდგენის პირველი აქტი იყო. სახედამალული და სახედაკარგული პოლიციელები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს ქალისა და კაცის განურჩევლად სცემდნენ, აგინებდნენ და ურტყამდნენ.
მათი გადაცდომების გამოძიება ხელისუფლებას არც კი უფიქრია, და გასაგებია, რომ ამ პოლიციელების ძალადობა ზევიდან მიღებული დაკვეთა იყო. აი მეორე მოქმედებაში კი სცენაზე უკვე კონკრეტული სამართალდამცველები გამოვიდნენ, სახელებითა და გვარებით, თუმცა არანაკლებ უხერხული როლებით. გამოგონილ და შეკერილ საქმეებზე ამ ადამიანებს, სამართალდამცველებს, ვისაც ფიცი აქვთ დადებული, რომ მხოლოდ კანონსა და სიმართლეს ემსახურონ, სასამართლოს წინაშე ხშირ შემთხვევაში სრულიად გამოგონილი, ცრუ ჩვენების მიცემა უწევთ.
ჩვენ დღეს მხოლოდ ნაწილს გიჩვენებთ იმ საქმეებიდან, როგორ იგონებს გზადაგზა სისხლის სამართლის საქმეებს რეპრესიული სისტემა. ამ ადამიანების დასახმარებლად საზოგადოებამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოავლინა, თანხების შეგროვება უსამართლო ჯარიმების გადასახდელად ისევ გრძელდება, ამ ეტაპზე გეტყვით რომ 400 000 ლარია შეგროვებული, რაც ამ უკანონობის გადასაფარად საკმარისი ჯერაც არ არის.
ავტორი: ბექა ყორშია