ზუგდიდის საკრებულოს სხდომა მერვედ ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა მერვედ ჩაიშალა. უკვე ორი თვეა საკრებულო პარალიზებულია და ვერ იკრიბება. მიზეზი დღესაც კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომაზე "ოცნებისა" და "ენმ"-ის დეპუტატები არ გამოცხადდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტში არიან, ხოლო "ოცნების" მიზეზი, უცნობია.

შეგახსენებთ, 10 აპრილს საკრებულოს უმრავლესობამ, "ოცნების" დეპუტატებმა, წერილობით მოითხოვეს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარისა და ყველა, ხუთივე კომისიის თავმჯდომარისა და მოადგილეების გადაყენება, რადგან თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრია, ხოლო კომისიებს "ახალისა" და ასევე "საქართველოსთვის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

დღის წესრიგის მიხედვით, ეს მოთხოვნა პირველივე საკითხად განიხილება და კენჭი უნდა ეყაროს, ან უკან უნდა იქნას გაწვეული, თუმცა "ოცნებას" საჭირო ხმები არ ჰყოფნის, რის გამოც, სავარაუდოდ სხდომებს საერთოდ არ ესწრება.

ამჟამად ზუგდიდის საკრებულოში მმართველ პარტიას 20 დეპუტატი ჰყავს, "ახალს" 14, ენმ-ს 8, ხოლო "საქართველოსთვის" 3 დეპუტატი.

"ოცნებას" თავმჯდომარის და კომისიის ხელმძღვანელების იმპიჩმენტისთვის სამი დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა ენმ-ში აცხადებენ, რომ სახელისუფლებო ფრაქციასთან ალიანსში არ შევლენ. 

ზუგდიდის საკრებულოში მომდევნო სხდომა ხვალისთვის ჩაინიშნა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი