
თვის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოსთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება და ვარაუდობს, რომ ევროკომისიის პირობა იგივე იქნება - შესრულდეს 9 ნაბიჯი და დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ გზას იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპი.
"დღის სტუმრის" ეთერში, პეტრას აუსტრევუჩუსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს რეალობა დამდგარიყო:
"არ მგონია, რომ სიტუაცია ოპტიმისტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული კომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, რომ საბჭო ამას დაუჭერს მხარს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ განვითარების გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი რომ საქართველო მიაღწევს დასახულ მიზნებს. პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ორიენტაცია შეცვალა. მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული შეფასება ექნება საქართველოს ეფექტურობას ამ პერიოდში და გამაფრთხილებელი გზავნილი გვექნება მთავრობისთვის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები და პირობები, რომლებიც ეხება დემოკრატიას არის უპირველესი. ამიტომ, მმართველმა პარტიამ უნდა დაიცვას წესები და არ უნდა ჰქონდეს გაოცებული სახე და არ უნდა თქვას, რომ ყველაფერი გააკეთეს. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დამდგარიყო" ამბობს აუსტრევიჩუსი.
ევროპარლამენტარი ეხმაურება პრემიერ კობახიძის ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას და ამბობს, რომ მისი ყოველი კომენტარის წაკითხვის შემდეგ, გაოცებულია. აუსტრევიჩუსის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ევროკავშირთან კომუნიკაციის მეთოდს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და ივანიშვილის გადაწყვეტილებებით, საქართველოს ევროპული კურსი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
"ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ უკვე ევროკავშირში გაწევრიანების დე-ფაქტო გაყინვის პროცესზე. იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ, რაც მას მოეთხოვებოდა. მან მიიღო ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შემზღუდავი გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ვლაპარაკობთ, ფინანსურ მხარდაჭერაზე და ნაკლებ მოწვევებზე ევროკავშირში, ნაკლები ახსნა-განმარტებითი შეხვედრები და დისკუსიები. პირობები, რომელიც იყო წაყენებული ჯერ კიდევ არსებობს და ის არაა შესრულებული. ჩვენ ვიცით ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ვიცით ვისი გადაწყვეტილებით დადგა ევროკავშირში ინტეგრაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ" ამბობს ევროპარლამენტარი.
ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა ესენი ივანიშვილი და კობახიძე - აუსტრევიჩუსი პასუხობს - "ასეა...
ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, ნამდვილად გაოცებული ვარ. ამ პოლიტიკოსს უნდა, რომ გართულოს ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე არ მესმის რაში სჭირდებათ ეს გართულებები საქართველოსთვის, ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას. რატომ აკეთებს საქართველოს მთავრობა ამას? საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა გადახედოს თავის კომუნიკაციის მეთოდს ევროკავშირთან, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ავნებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს." ამბობს ევროპარლამენტარი "მთავარი არხის" ეთერში.
სამიტზე მთავარი თემა იქნება უკრაინა, რომლისთვისაც საქართველოსგან განსხვავებით, ევროკომისიამ EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. იგივე გადაწყვეტილებაა მიღებული მოლდოვასთან დაკავშირებითაც.