
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის განახლებული აეროპორტიდან თვითმფრინავები რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ რეისებს. ესენია - მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ხუთ ქალაქში - მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ყაზანი და სოჭი, ფრენები თბილისის მიმართულებითაც ხორციელდება; კრასნოდარის აეროპორტი კი უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკეტა.
მედია წერს, რომ სავარაუდოდ, სოხუმში ფრენებს არ შეასრულებენ იგივე ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის მიმართულებით ოპერირებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ შესაძლოა დასავლური სანქციები დაწესდეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-მ ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა "მთავრობამ" რუსულ კომპანია Infrastructure Development-თან აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ "ხელშეკრულება" გასული წლის ოქტომბერში "გააფორმა".
ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ აეროპორტის გახსნა 2024 წლის 31 დეკემბერს იგეგმებოდა, პირველი საცდელი ფრენა კი უკვე ივლისში.