
ანტიუკრაინული განცხადებებით გამორჩეულმა ირაკლი კობახიძემ ბერლინში, უკრაინის მხარდამჭერს კონფერენციაზე ის ქმედებები ჩამოთვალა, რომელიც საქართველომ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ, საერთაშორისო ასპარეზზე გაატარა. კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე არშეერთების მიუხედავად, ქვეყანა აკონტროლებს ყველა სანქცირებულ პირს და ინარჩუნებს კავშირს ევროკავშირთან და აშშ-სთან:
"დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ურყევი სოლიდარობა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ ამ გამოწვევებით სავსე დროს და გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება მისი აღდგენისადმი. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის აღდგენას, თუმცა ვიზიარებთ, რომ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს. ამის გათვალისწინებით, ომის პირველივე დღიდან საქართველომ სრული სოლიდარობა გამოაცხადა უკრაინისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე, გაუწია ჰუმანიტარული დახმარება. მართალია საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემდგომ სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ყველა სანქცირებულ პირს ვაკონტროლებთ და მჭიდრო კავშირ ვინარჩუნებთ ევროკავშირთან, ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოსთან" თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გერმანიის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერი კონფერენცია გაიხსნა. მსოფლიო ლიდერები ომში მყოფი ქვეყნის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ.