ოჩამჩირის პორტი და ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა | რა წერია სუს-ის წლიურ ანგარიშში?

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს. მან თქვა, რომ 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა. 

ამ მიმართულებით მან ყურადღება გაამახვილა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვრო ძალების ბაზის განთავსების გეგმაზე. ასევე ისაუბრა სოხუმის აეროპორტის აღდგენის "შეთანხმებაზე", რაც ლილუაშვილის თქმით, რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გადება რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების მიზნით.

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული ე.წ. სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ფაქტზე. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროცესი დაიწყო  2022 წელს, რასაც თავდაპირველად ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა. თუმცა 2023 წლის ბოლოს გადაცემის პროცესს ოპოზიციის ლიდერების დიდმა ნაწილმაც კი, სამწუხაროდ მხარი დაუჭირა. ე.წ. ოპოზიციის რა თქმა უნდა. ჩვენი შეფასებით, ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით, მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მისი ნების ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი არის უშედეგო", - თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპანტები მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების შესამცირებლად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ "შეთანხმებაზე" უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების ინტერესი იყო და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა. 

"ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის შექმნის შესახებ ინფორმაცია. ცხადია, აღნიშნული პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად აუცილებლად გამოიყენებდა. ჩვენი შეფასებით, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება და მათი მომსახურება, ნაკლებად სავარაუდოა", - თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში ოჩამჩირის პორტში და მის მიმდებარედ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი