
„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე და პროპაგანდისტულად იმეორებს, რომ არ მოხდება ის, რაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა:
"ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს 9 პუნქტი განესაზღვრა რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე - მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასასვლელად უნდა მიიღოს.
ეს პუნქტებია: დეზინფორმაციასთან ბრძოლა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა; პოლარიზაციის დაძლევა;
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა; მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმა; ანტიკორუფციული ზომები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
თუმცა ამას მოჰყვა "ოცნების" მხრიდან რუსული კანონის დამტკიცება, რომელიც ევროკავშირის ლიდერების შეფასებით, დასახელებული 9 პუნქტიდან ერთდროულად მინიმუმ სამს არღვევას: "მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ გაცემული ცხრა რეკომენდაციიდან როგორც მინიმუმ სამის დარღვევას (დეზინფორმაციასთან ბრძოლა; პოლარიზაციის დაძლევა; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 28 მაისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და ევროკომისიამ ერთობლივად გაავრცელეს.