ბალდაში, დაჭრის საქმეზე სამ პირს ბრალდება წარედგინა | პროკურატურა შემთხვევის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ  მარტვილის მუნიციპალიტეტში მომხდარი  განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს, ძმებ ხურცილავებს, ასევე კანიონზე მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეს, ინდიკო ბჟალავას ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, ი.ბ.-მ  [ინდიკო ბჟალავა] გ.ხ.-ს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

აღნიშნულით განაწყენებული გ.ხ. შურისძიების მოტივით, ძმასთან ხ.გ.-სთან ერთად  სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით და დანით შეიარაღებული გაემართა ი.ბ.-ს და მისი თანამოაზრეების მოსაძებნად, რა დროსაც გზად შეხვდა დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს და მათ სანადირო თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე ერთ-ერთ მათგანს - მ.ბ.-ს დანით რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულს გადაუდებელი  სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. მოგვიანებით,  გ.ხ. ძმასთან ერთად ბალდაში, კანიონის მშენებლობასთან დაკავშირებით  შეკრებილ, მასთან დაპირისპირებულ მხარესთან მივიდა, სადაც ასევე დანის გამოყენებით მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.  

გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხ.გ.-ს ბრალდება 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ი.ბ.-ს ბრალდება  სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი