"უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან... არ მეგონა, თუ ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ" - ამის შესახებ ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა, იოსებ ბაბაევმა განაცხადა და მის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურატურის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას გამოეხმაურა.
"ეს არის უმსგავსო საქციელი მოსამართლის მხრიდან. მე არ მეგონა, სიმართლე გითხრათ, თუ სააპელაციო სასამართლო ესე მოხვდებოდა, ასეთი სტრუქტურა მოხვდებოდა გავლენის ქვეშ. ამას მარტო მე არ ვამბობ, ეს ნახა საზოგადოებამ, დაინახა საზოგადოებამ, თუ როგორ დევნიან პოლიტიკური ნიშნით კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს. ანუ კრიტიკულად მოაზროვნე ხმა უნდათ რომ გააჩუმონ. რუსეთისკენ მიგვაქანებენ და უნდათ რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა, რუსული რეპრესიები, ეს ფაქტია," - განაცხადა ბაბაევმა.
ბაბაევი აპირებს სამართლებრივი ბრძოლა გააგრძელოს.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია. მანამდე, წინა ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მტკიცებულებები, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა.