რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა; ორგანიზაციებს სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალეობას| პრეზიდენტი შშმ პირებს

გამოქვეყნდა:

შშმ პირებთან შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ამ ადამიანებს რუსული კანონის მიღების შემდეგ შეექმნათ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორგანიზაციები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტი ინკლუზიურობა და მეტი სერვისი გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ახლა არ იციან რა ბედი ელით ხვალ.

"თქვენი უფლებები ასევე შეიზღუდა იმის გამო, რომ მიღებულ იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შემოტანილი, იმისთვის, რომ მეტი ინკლუზიურობა იყოს შესაძლებელი და ასევე თქვენთვის იყოს შესაძლებელი უფრო მეტი წვდომა სხვადასხვა სერვისებზე. ეს ყველაფერი არის ის საქმიანობა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც დღეს არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ გაუგებარ გამჭვირვალეობას,ვითომც ყველაფერი დანარჩენი ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალე და ეს ყველაფერი არის პირდაპირ მიმართული იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ნელ-ნელა შემოდიოდა ამ ქვეყანაში, იყოს რეალურად შეჩერებული. ჩვენ ვიცით, რუსეთში რა ფორმით ებრძვიან იგივე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის. 

ამიტომ დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც მოპოვებულ იქნა აქამდე და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება, დაცვა, რომ ავიწიოთ იმ დონემდე, რაც არის გავრცელებული ევროპის ქვეყნებში და ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის არის ღირსების სტანდარტები. მე ეს მინდა, რომ გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. " აღნიშნა პრეზიდენტმა. 

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები პრეზიდენტმა სოფიო სიჭინავას, უჩა ვახანიასა და დიმიტრი წვერავას პირადად გადასცა. 

პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო სიჭინავა საქართველოში შშმ პირების მიერ საარჩევნო უფლების დაბრკოლების გარეშე რეალიზების უზრუნველყოფასა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შშმ პირთა მხარდაჭერისა და მათთვის ინოვაციური საარჩევნო სერვისების დანერგვის ხელშეწყობისათვის. 

ღირსების მედლით დაჯილდოვდა ასევე, ფონდ „თაობისა“ და „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ დირექტორი, „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარე უჩა ვახანია საქართველოში სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირთათვის შინმოვლის - კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების ორგანიზებისა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, შინმოვლის ევროპული სტანდარტების, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ბიოფსიქოსოციალური მიდგომისა და ინტეგრირებული ზრუნვის დანერგვის ხელშეწყობისათვის.

სახელმწიფო ჯილდო ღირსების მედალი საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა ასევე, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტსა და აკადემიკოსს, დიმიტრი წვერავას სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ფიზიკური რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციისათვის ინოვაციური მეთოდების დანერგვის, გამოყენებისა და საქართველოში იპოთერაპიის განვითარებისათვის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი